გაკვეთილების ცხრილი
თქვენ იმყოფებით:  სამასწავლებლო გაკვეთილების ცხრილი გეოგრაფია
გეოგრაფია თარიღებში
ავტორი: მაია ბლიაძე
გეოგრაფია მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მისი ამოცანები და შინაარსი მრავალგზის შეიცვალა. თავდაპირველად გეოგრაფიას აღწერითი ხასიათი ჰქონდა, XIX საუკუნეში კი იგი მეცნიერებად ჩამოყალიბდა. გეოგრაფიული ცოდნა აღმოჩენებისა და გამოკვლევების საფუძველზე გროვდებოდა.

გეოგრაფიული აღმოჩენა ახალი გეოგრაფიული ობიექტის ან კანონზომიერების მიკვლევას ნიშნავს. გეოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპზე უმთავრესი ყურადღება ექცეოდა ხმელეთის უცნობი ნაწილების აღმოჩენას (ტერიტორიული აღმოჩენები). შემდეგ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა მოიპოვა ისეთმა აღმოჩენებმა, რომლებიც ხელს უწყობდა გეოგრაფიულ კანონზომიერებათა დადგენას.

ტერიტორიული აღმოჩენები აისახება მსოფლიოს გეოგრაფიულ რუკაზე. ეს აღმოჩენები მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოების განვითარების საერთო პროცესთან. მათი სოციალურ-ისტორიული როლი საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაა.

გთავაზობთ გეოგრაფიული აღმოჩენებისა და გამოკვლევების დეტალურ ქრონოლოგიას.

ჩვ. წ. აღ-მდე IX ს. - ფინიკიელების მიერ აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროების კოლონიზაცია, კანარის კუნძულების აღმოჩენა.

ჩვ. წ. აღ-მდე 600 წ. (დაახლოებით) - ჰეროდოტეს თანახმად, ეგვიპტის ფარაონმა ნეჰომ აღჭურვა ფინიკიელთა გემები, რომლებმაც მოგზაურობა წითელი ზღვიდან დაიწყეს, გარს შემოუარეს კეთილი იმედის კონცხს და ხმელთაშუა ზღვამდე მიაღწიეს.

ჩვ. წ. აღ-მდე 510 წ. (დაახლოებით) - ბერძენმა მეზღვაურებმა და გეოგრაფმა სკილაკიმ მოაწყო საკვლევი ექსპედიციები მდ. ინდიზე, ინდოეთის ოკეანეში და წითელ ზღვაზე.

ჩვ. წ. აღ-მდე 500 წ. (დაახლოებით) - ჰეკატეოს მილეტელმა შექმნა ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ქვეყანათმცოდნეობაში - "დედამიწის აღწერა", სადაც დედამიწა წარმოდგენილია წრის სახით, რომელსაც გარს აკრავს ოკეანე. ჰეკატეოსი დედამიწას ორ -ჩრდილოეთ (ევროპა) და სამხრეთ (აზია) - ნაწილად ყოფდა. საზღვარი მათ შორის გადიოდა გიბრალტარიდან ხმელთაშუა ზღვამდე, შავ ზღვაზე მდინარე ფაზისამდე (რიონი), რომელიც აღმოსავლეთ ოკეანის საწყისად ითვლებოდა.

ჩვ. წ. აღ-მდე 470 წ. (დაახლოებით) - კართაგენელმა განონმა აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ სიერა-ლეონემდე იმოგზაურა.

ჩვ. წ. აღ-მდე 350-320 წ.წ. - ბერძენმა მეზღვაურმა, ასტრონომმა, მათემატიკოსმა და გეოგრაფმა ჰიფეიმ ევროპის დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროების გასწვრივ იმოგზაურა. აღმოაჩინა კუნძულები: ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, სკანდინავიისა და ბრეტანის ნახევარკუნძულები, ჩრდილოეთისა და ირლანდიის ზღვები, კატეგატის სრუტე და ბისკაის ყურე.

ჩვ. წ. აღ-მდე 334-321 წ.წ. - ალექსანდრე მაკედონელის დიდი ლაშქრობა ინდოეთში.

ჩვ. წ. აღ-მდე 326-324 წ.წ. - მაკედონელის ფლოტის მეთაურმა ნეარქოსმა ფლოტი მდ. ინდის მიმართულებით შესართავამდე გაიყვანა, მერე კი ზღვით მდ. ევფრატის შესართავამდე. განვლილი გზა მან დეტალურად აღწერა.

ჩვ. წ. აღ-მდე III ს. - ერატოსთენემ შემოიღო ტერმინი "გეოგრაფია" და სათავე დაუდო გეოგრაფიას როგორც მეცნიერებას. მას მიაჩნდა, რომ გეოგრაფიის ძირითადი ამოცანაა რუკების შედგენა. მან დააფუძნა მათემატიკური გეოგრაფია, გაზომა მერიდიანის რკალის სიგრძე და სხვ.

ჩვ. წ. აღ-მდე 100 წ.- I ს. დასაწყისი - ბერძენმა გეოგრაფმა და ისტორიკოსმა სტრაბონმა თავის ნაშრომში "გეოგრაფია" (17 წიგნი) სრულყოფილად აღწერა მისთვის ცნობილი გეოგრაფიული ადგილები.

60 წ. (დაახლოებით) - რომის იმპერატორ ნერონის ექსპედიციამ მდ. ნილოსის სათავეებს მიაღწია.

160-180 წ.წ. - კლავდიოს პტოლემეოსს თავის ნაშრომში "სახელმძღვანელო გეოგრაფია" (8 წიგნი) 8 ათასამდე გეოგრაფიული პუნქტის კოორდინატები მოჰყავს.

981-983 წწ.- ნორმანდიელმა მეზღვაურმა ერიკ როუდიმ აღმოაჩინა კუნძულები გრენლანდია, დისკო და ბაფინის მიწა, დევისის სრუტე და ბაფინის კონცხი.

1004 წ.- ნორმან ლეიფ ერიკსონმა (ერიკ როუდის შვილმა) გადაკვეთა დევისის სრუტე და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებს მიაღწია.

1246 წ. - ფრანგმა მღვდელმა ჯოვანი პიანო დი კარპინიმ მიაღწია მონღოლეთამდე, მომდევნო წელიწადს დაბრუნდა იტალიაში და ჩამოიტანა უაღრესად საინტერესო გეოგრაფიული მასალა ნანახი მიწების შესახებ.

1271-1272 წწ. - იტალიელმა ვაჭარმა მარკო პოლომ იმოგზაურა ჩინეთში, სადაც დაყო 17 წელი და 1292-1295 წლებში დაბრუნდა იტალიაში. მან პირველმა მოგვაწოდა სრულყოფილი ცნობები ცენტრალური, აღმოსავლეთი და სამხრეთი აზიის ქვეყნებზე.

1327-1377 წ.წ.- არაბმა იბნ ბატუტამ ეგვიპტეში, არაბეთში, მესოპოტამიაში, სირიაში, მცირე აზიაში, ინდოეთში, რუსეთის სამხრეთ რაიონებში, ჩინეთში, ესპანეთში, დასავლეთ და ცენტრალურ სუდანში იმოგზაურა. მან ზუსტად აღწერა ეს რაიონები.

1468-1474 წ.წ. - რუსმა აფანასი ნიკიტინმა იმოგზაურა სპარსეთსა და ინდოეთში. უკანა გზაზე ესტუმრა აფრიკის სანაპიროს (სომალი), მასკატს და თურქეთს.

1482 წ. - პორტუგალიელებმა დიეგო კანის მეთაურობით აღმოაჩინეს მდ. კონგოს შესართავი.

1488 წ. - პორტუგალიელმა მეზღვაურმა ბართოლომეო დიაშმა, ევროპელთაგან პირველმა, გარს შემოუარა აფრიკას და აღმოაჩინა კეთილი იმედის კონცხი.

1492-1493 წ.წ. - ქრისტეფორე კოლუმბმა, ინდოეთისკენ მიმავალი უმოკლესი საზღვაო გზის ძიებაში, გადაცურა ატლანტის ოკეანე, აღმოაჩინა სარგასის ზღვა და 1492 წ. 12 ოქტომბერს აღმოაჩინა ბაჰამის კუნძულები, კუბა და ჰაიტი.

1493-1504 წ.წ. - მომდევნო სამი ექსპედიციის დროს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა დიდი და მცირე ანტილიის კუნძულების ნაწილი, კარიბის ზღვა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სანაპიროები.

1497 წ. - იტალიელმა ჯოვანი კაბოტმა გადაცურა ატლანტის ოკეანე და მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს კუნძულ ნიუფაუნდლენდთან.

1497-1499 წ.წ. - პორტუგალიელმა ვასკო და გამამ ლისაბონიდან ინდოეთამდე იმოგზაურა. მან გარს შემოუარა აფრიკას და პირველმა გაიკვლია საზღვაო გზა ევროპიდან სამხრეთ აზიამდე.

1499-1500 წ.წ. - ესპანელების ექსპედიციამ ალონსო დე ახედას ხელმძღვანელობით აღმოაჩინა გვიანის სანაპირო, ვენესუელის ყურე, ტბა მარაკაიბო. ამავე პერიოდში მეორე ექსპედიციამ ვისენტე იანეს პინსონის მეთაურობით აღმოაჩინა ბრაზილიის ჩრდილოეთ სანაპირო, მდ. ამაზონის შესართავი და კუნძული ტობაგო.

1500-1503 წ.წ. - პორტუგალიელების (დიეგო დიასი, ვასკო და გამა) მიერ აღმოჩენილ იქნა სეიშელის კუნძულები, მადაგასკარი და წმინდა ელენეს კუნძული.

1505 წ.- პორტუგალიელება აღმოაჩინეს კუნძული ცეილონი (შრი-ლანკა).

1507 წ.- ამერიგო ვესპუჩის ხსოვნის პატივსაცემად, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ესპანურ და პორტუგალიურ (1499-1504) ექსპედიციაში სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან, მ. ვილსმიულერმა შემოიღო სახელწოდება "ამერიკა".

1509 წ.- ინგლისელთა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სებასტიან კაბოტი, ჰუძონის ყურე აღმოაჩინა.

1511-1512 წ. წ. - პორტუგალიელებმა მიაღწიეს ბანდისა და მოლუკის კუნძულებს (არქიპელაგი ინდონეზიის შემადგენლობაში, მალაის არქიპელაგში. გეოგრაფიულად, არქიპელაგი მდებარეობს კუნძულ სულავესსა და ახალ გვინეას შორის. ამ კუნძულების ისტორიული სახელია "სანელებლების კუნძულები", როგორც მას ჩინელები და ევროპელები უწოდებდნენ).

1513 წ. - ესპანელებმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოას მეთაურობით პირველებმა გადაკვეთეს პანამის ყელი და წყნარი ოკეანის სანაპიროზე გავიდნენ.

1518 წ. - ესპანელებმა ხუან დე გრიხალვას მეთაურობით აღმოაჩინეს მექსიკის სანაპირო, პორტუგალიელებმა კი იაპონიის კუნძულ რიუკიუმდე მიაღწიეს.

1519-1521 წ.წ. - ესპანელებმა დაიპყრეს მექსიკა.

1520 წ. - ესპანეთის ფლოტილიამ პორტუგალიელი ფერნანდო მაგელანის მეთაურობით აღმოაჩინა და გამოიკვლია სამხრეთ ამერიკის სანაპირო ლა-პლატის სამხრეთით, აღმოაჩინა მაგელანის სრუტე და პატაგონიის კორდილიერები.

1521 წ.- მაგელანის ექსპედიციამ აღმოაჩინა კუნძული გუამა და ფილიპინების კუნძულები.

1522 წ. - მაგელანის ფლოტილიიდან დარჩენილი ერთადერთი გემი "ვიქტორია" ხუან სებასტიან დე ელკანოს მეთაურობით ესპანეთში დაბრუნდა. მაგელანის ექსპედიციამ დაამტკიცა მსოფლიო ოკეანის ერთიანობა და დედამიწის სფეროსებურობა.